თბილისის საკრებულოში, საქართველოს დედაქალაქთან დაძმობილებული, საფრანგეთის ქალაქ ნანტის დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს.
ნანტის მუნიციპალური საბჭოსა და ნანტის მეტროპოლიის მუნიციპალური საბჭოს წევრი ევროპასთან თანამშრომლობის სფეროში ივ პასკუო, ნანტის მუნიციპალური საბჭოს წევრი საჯარო კითხვისა და ქუჩის ხელოვნების მიმართულებით მიშელ კოკოტიე, ნანტის მერიის ევროპული თანამშრომლობის სამსახურის უფროსი ფრედერიკ დეშეისი, ნანტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი დორის აბელა და ნანტის მერიის ევროპული თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენელი, თბილისთან ურთიერთობის კოორდინატორი ელზა ტუალი საქართველოს დედაქალაქს „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით სტუმრობენ.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე უძღვებოდა, ქალაქ ნანტსა და თბილისს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, ერთობლივად განხორციელებული პროექტების შედეგები მიმოიხილეს და ურთიერთობის გაღრმავებისა და ინტენსივობის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების თავმჯდომარეები კახა ლაბუჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ, დაძმობილებულ ქალაქებში გენდერულ, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული სიტუაცია მიმოიხილეს და გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმდნენ.
„თბილისს ნანტთან ბევრ სფეროში მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ჩვენთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტულია ჩვენს საერთაშორისო და ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ახალ ხარისხობრივ ეტაპზე აყვანა ვინაიდან მათთან ინტენსიური ურთიერთობით ხორციელდება ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, ხდება ჩვენი ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და დანერგვა ჩვენს ქვეყანაში. ამასთან ერთად, ევროპელ კოლეგებთან ასეთი მჭიდრო კავშირები თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.
თბილისსა და ნანტს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 1979 წელს გაფორმდა.