საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მისი მოადგილეები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე საჯარო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომდევნო წელს, საქართველოში, Carsharing-ის პრინციპით, 2000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა. მისივე თქმით, ეს ელექტრომობილების პოპულარიზაციასა და დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას შეუწყობს ხელს.
„ჩვენთვის მთავარია, შევქმნათ ისეთი კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს კომფორტულად და იაფად გადაადგილდნენ და შესაბამისად, მივიღოთ დამატებითი ღირებულება ჩვენს ეკონომიკაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ კი 2021 წლამდე თბილისში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წლიდან დედაქალაქში 18 მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი იმოძრავებს და 2019 წლის შემდეგ ქვეყანაში შემოსული ყველა ავტობუსი ელექტრო იქნება. მისივე თქმით, 18 მეტრიანი ავტობუსების საჭიროება იმ კვლევის შუალედურმა დასკვნამ აჩვენა, რომელსაც „სისტრა“ მერიის დაკვეთით ატარებს. კახა კალაძის ინფორმაციით, ავტობუსებისთვის იგეგმება შეიქმნას სპეციალური ვიზუალი და თბილისს საკუთარი ბრენდის ავტობუსები ჰყავდეს.
როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, დედაქალაქის მერია ელექტრომობილების პოპულარიზაციისთვის რამდენიმე პროექტის განხორციელებასაც გეგმავს. კახა კალაძის თქმით, ელექტრომობილებისთვის მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე სპეციალური სადგომები გაკეთდება, რომელიც უფასო იქნება.
თბილისის მერმა მეტროპოლიტენის განვითარების შესახებაც ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, 2021 წლამდე თბილისის მეტროპოლიტენს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მოცდის დროს შეამცირებს. მისივე თქმით, შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება.
გარდა ამისა, შესაძლოა მეტროს ხაზი თბილისიდან რუსთავამდეც გაკეთდეს. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია პროექტის განსახორციელებლად კვლევას უკვეთავს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.
„მეტროთი საკმაოდ ბევრი ადამიანი სარგებლობს, ავტობუსებთან ერთად ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრანსპორტია, ამიტომ მეტროს გამართული მუშაობა და კომფორტული ვაგონები ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.