დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით გამართულ თბილისის მეტროს კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული კვლევა თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას და მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს მოიცავს.
კვლევაში შესწავლილია თბილისის მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განახლების, მგზავრების უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები.
გიორგი ალიბეგაშვილმა მერიისა და კომპანიის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მეტროს შემდგომი სწორი განვითარების დაგეგმვაში აღნიშნული კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრეზენტაციას ასევე თბილისის მერიის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად, საშუალოდ, 289 ათას მგზავრს ემსახურება და ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით, სამარშრუტო ტაქსებისა და მუნიციპალური ავტობუსების შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.