თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა და ურბანული ლაბორატორიის დერექტორმა გიორგი ბაბუნაშვილმა კვლევის პრეზენტაცია -„ თბილისის მეტროპოლიტენი: გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები“ გამართეს.
ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, მეტროპოლიტენის შესაძლებლობების გაზრდისა და მგზავრების გადაყვანისას მათი შესაბამისი კომფორტით უზრუნველყოფის მიზნით ურბანულმა ლაბორატორიამ კვლევა ჩაატარა.
როგორც ალექსანდრე ელისაშვილმა განმარტა, მეტროპოლიტენით სარგებლობა საბჭოთა პერიოდთან შედარებით სამჯერ არის შემცირებული და ის არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს შორის მგზავრების გადაყვანის თვალსაზრისით მესამე ადგილს იკავებს.
კვლევის თანახმად, მეტროს მოწესრიგება, მარშრუტებს შორის ინტერვალების შემცირება და მეტროს უკვე არსებული, თუმცა, უფუნქციო ამოსასვლელების ამოქმედება მგზავრთა რაოდენობას გაზრდის , რაც საბოლოო ჯამში მიწისზედა ტრანსპორტის მოხმარებას შეამცირებს და ქალაქში სატრანსპორტო მდგომარეობას მეტნაკლებად განტვირთავს.
პრეზენტაციაზე ურბანულმა ლაბორატორიამ დედაქალაქის მეტროპოლიტენის მოწესრიგების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები წარმოადგინა, რომლებიც თბილისის მერიას გადაეგზავნება.
ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატები, თბილისის მერიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.