თბილისის საკრებულოს კამპანია, რომლის ფარგლებშიც, სოციალურად დაუცველ, იმ მრავალშვილიანი ოჯახებს ეხმარებიან, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ, გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დღეს 1500-მდე ოჯახი საკვებ პროდუქტებსა და პირველადი დახმარების ნივთებს მიიღებს. აღნიშნული კამპანიის გასაგრძელებლად, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ბიუჯეტი 200 ათასი ლარით შემცირდა, რაც მერის სარეზერვო ფონდში აისახა და სწორედ ამ თანხით მოხდა ოჯახებისთვის გადასაცემი ნობათების შეძენა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, პროდუქტებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები თავიან სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, იმ მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგებენ, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ.
„მოგეხსენებათ, დედაქალაქის საკრებულომ აღნიშნული კამპანია კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაიწყო და პასუხისმგებლობა თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე აიღო. კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, საკვები პროდუქტები ყველა სამაჟორიტარო ოლქში დავარიგეთ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა, რომელიც თავიდან ბიზნესის დახმარებით დავიწყეთ, ახლა კი საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბიუჯეტი 200 ათასი ლარით შემცირდა და გამოთავისუფლებული თანხით საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები შევიძინეთ,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეული სირთულეებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ოჯახი, რომელიც ამას საჭიროებს, დახმარების გარეშე არ დარჩეს.