თბილისის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარემ საბა ბუაძემ თბილისის მოსახლეობას მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრაზე საბა ბუაძემ თბილისში არსებულ ურბანულ და სატრანსპორტო პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და მიმოიხილა ის პროექტები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბნებში ხორციელდება.
როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, მან თბილისში ჩატარებულ ყველა საანგარიშო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ქალაქში მიმდინარე გენოციდს დაუთმო, რომლის შედეგებსაც საზოგადოება ყოველდღიურად გრძნობს საკუთარ თავზე.
ანგარიშის წარდგენისას საკრებულოს წევრმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო კუთხით არსებულ პრობლემებსა და იმ აქტივობებზე, რომელიც მან ფრაქციასთან ერთად 2023 წლის განმავლობაში განახორციელა.
საბა ბუაძის განცხადებით, კალაძის მერობის 6 წლის თავზე ავტობუსის ზოლების მხოლოდ ნახევარია დახაზული და 5 წლით იგვიანებს 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა.
საბა ბუაძემ შეკრებილ საზოგადოებას სატრანსპორტო რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნულ რეფორმას მხარდაჭერა გამოუცხადა.
მანვე საზოგადოებას მის მიერ საკრებულოში წარმოდგენილი ინიციატივები გააცნო, მათ შორის, როგორიცაა ავარიული ლიფტების შემოწმებასთან დაკავშირებული ინიციატივა და თბილისში მწვანე სივრცეების შენარჩუნების თაობაზე გაკეთებული შეთავაზებები.
როგორც ურბანული განვითარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის და ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრმა, საბა ბუაძემ შეხვედრაზე აღნიშნული კომისიების მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრი ვახტანგ სურგულაძე, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის“ თანამშრომლები და საანგარიშო წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებში ჩართული ხალხი.