თბილისის საკრებულოში პარტიის „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულაძემ 2022-2023 საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ნინო წულაძემ დამსწრე საზოგადოებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში საკრებულოს სხდომებსა და კომისიების მუშაობაში მონაწილეობის, პროექტების მომზადებისა და ინიცირების, ამომრჩეველთა მიღების, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საკრებულოს დეპუტატმა პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა ქ. თბილისში, დასასვენებელ პარკებსა და სკვერებში, უსაფრთხოების ნორმებზე, საცხოვრებელ კორპუსებში გაუმართავ ლიფტებსა და სკოლებში ბავშვთა კვების თემაზე, რომელთა მოგვარებაც, მისი თქმით, ფინანსური თვალსაზრისით შესაძლებელია.
ნინო წულაძემ ანგარიშის წარდგენისას დამსწრე საზოგადოებას 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე დარეგისტრირებული საკანონმდებლო წინადადებები და ინიციატივები გააცნო.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, მოქალაქეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.