თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან ჯაფარიძემ საზოგადოებას მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის წარდგენა კრწანისის რაიონის გამგეობაში გაიმართა.
საანგარიშო პერიოდში ლევან ჯაფარიძე საკრებულოს ბიუროს 18 და საკრებულოს 14 სხდომას დაესწრო, რომლებზეც მისივე მონაწილეობით მიღებულ იქნა საკრებულოს 115 დადგენილება და 663 განკარგულება.
სარევიზიო კომისიამ საკრებულოს რეგლამენტისა და კომისიის დებულების შესაბამისად წლის დასაწყისში დაამტკიცა 2023 წლის სარევიზიო კომისიის სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს 14 შესამოწმებელ ორგანიზაციას, მათ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ების, ააიპ-ების და შპს-ების შემოწმებას შერჩევითი მეთოდით.
საანგარიშო პერიოდში სარევიზიო კომისიის მიერ შემოწმდა 18 ორგანიზაცია, აქედან 11 ორგანიზაციაში შემოწმების შედეგად სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლების მიერ შედგენილ იქნა შემოწმება-ანალიზის დასკვნები. დასკვნები განხილულ იქნა სარევიზიო კომისიის სხდომაზე, ხოლო 7 ორგანიზაცია ამ დროისთვის შემოწმება/განხილვის ეტაპზე იმყოფება.
შემოწმება-ანალიზის დასკვნიდან გამომდინარე, შემოწმებულ ორგანიზაციებს კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მიეცათ რეკომენდაციები. ამასთან, შემოწმება-ანალიზის დასკვნები, კომისიის გადაწყვეტილებით, გადაგზავნილ იქნა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების, გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში.
საანგარიშო პერიოდში სარევიზიო კომისიის ორგანიზებით ჩაატარა კომისიის 14 სხდომა, რომლებზეც განიხილეს 38 საკითხი. აღნიშნულ პერიოდში ლევან ჯაფარიძის მიერ სამჯერ იქნა წარდგენილი სარევიზიო კომისიის მუშაობის ანგარიშები.
ლევან ჯაფარიძემ, როგორც გარემოს დაცვის კომისიის წევრმა, მონაწილეობა მიიღო კომისიის 10 სხდომის მუშაობაში, რომლებზეც მის მიერ შესწავლილი და განხილული იქნა 55 საკითხი.
ლევან ჯაფარიძე მონაწილეობდა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 13 სხდომის მუშაობაში, რომლებზეც შეისწავლა და განიხილა 20 საკითხი.
საანგარიშო პერიოდში ლევან ჯაფარიძემ მოქალაქეთა მიღებაზე 700-მდე მოქალაქეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და კრწანისის რაიონის მაჟორიტარის ბიუროში უმასპინძლა და შესაბამისი კონსულტაცია (დახმარება) გაუწია. მან რეაგირება მოახდინა 1326-მდე განცხადება-კორესპონდენციაზე.
როგორც ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, სამაჟორიტარო ოლქში საანგარიშო პერიოდში კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც მათი საცხოვრებელი პირობებს გააუმჯობესებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ავარიული სახლების გამაგრება, საცხოვრებელ სახლებს სარემონტო სამუშაოები, მოწესრიგდა და რეაბილიტირდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, კეთილმოეწყო სპორტული მოედნები და ეზოები. მრავალი სამუშაო განხორციელდა გზების მოწესრიგებისა და რეკრეაციული სივრცეების შესაქმნელად. მათ შორის იყო რამდენიმე მასშტაბური პროექტიც, როგორიცაა კრწანისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების განახლება და გაზმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია, საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. ქუჩაზე სრულად განახლდა გარე განათების ქსელი, აგრეთვე ქუჩის ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. გიორგი ნიკოლაძის ქ. N8-ში სრულად მოეწყო სანიაღვრე კოლექტორი და დაიგო ასფალტის საფარი; ზემო ფონიჭალაში კორპუსების №№2-3-7-9-11 მიმდებარედ მოეწყო სკვერი.
ასევე მიმდინარე პროექტებია თაბორის მთის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, ფონიჭალაში, სვანების დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა.
ლევან ჯაფარიძის განცხადებით, პროექტები და ღონისძიებები ბევრია, რომელთა განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება კრწანისის რაიონის მაცხოვრებელთა საკეთილდღეოდ.