დედაქალაქის საკრებულოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, წლიური ანგარიში წარადგინა, რომელიც 2022-2023 წლებში უფლებამოსილების ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებდა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პრეზენტაციაზე ისაუბრა დედაქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ოფიციალურ და სამუშაო შეხვედრებში თავისი ჩართულობის შესახებ, ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა მსმენელებს გენდერული თანასწორობის საბჭოს ფორმატში მისი ინიციატივით განხორციელებულ პროექტებსა და შედეგებზე.
თინათინ ნიბლოშვილმა პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას - საბჭოს ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრებს საჯარო და კერძო უწყებებთან, დონორ ორგანიზაციებთან. ისაუბრა საბჭოს მიერ ინიცირებულ ღონისძიებებზე. მათ შორის აღსანიშნავია საინფორმაციო კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, რომელიც უკვე ორი წელია „ევროპა დონა საქართველოსა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანი ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის შესახებ ცნობიერების გაზრდაა, არაერთი ღონისძიება გაიმართა. მათ შორის „ვარდისფერი ოქტომბერი“, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა ასევე საბჭოს ეგიდით მიმდინარე პროექტზე „არა ქალზე ძალადობას“ და ამ კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე. კამპანია, რომლის მიზანს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე არსებულ თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ქალი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე აქტივობებზე.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებულ ყველა ღონისძიებაში თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წევრები და სხვადასხვა თემის წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
დღესვე თინათინ ნიბლოშვილთან ერთად გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ბურძენიძემ.
წლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ხათუნა მუზაშვილი, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების დირექტორი ინდირა რობაქიძე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი, დედაქალაქის რაიონულ გამგეობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, სხვა მოწვეული სტუმრები.