თბილისი საკრებულოს ფრაქციის „ლელო პარტნიორობა თბილისისათვის“ წევრებმა საბა ბუაძემ, ცოტნე კობერიძემ და ვახტანგ სურგულაძემ დედაქალაქის მცხოვრებლებს ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს.
ანგარიშის წარდგენაზე საუბარი შეეხო ქალაქში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს, საკრებულოს წევრების ურთიერთობას მერიის სამსახურებთან და ჩატარებულ ღონისძიებებს. მოქალაქეებმა საკრებულოს წევრებს კითხვებით მიმართეს და მათთვის საინტერესო იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა მოგვარება უახლოეს მომავალში აუცილებელია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის, ქალაქში სისუფთავის უზრუნველყოფისა და მიუსაფარი (ქუჩის) ცხოველების საკითხებს.
ანგარიშის წარდგენის დასასრულს, საკრებულოს წევრები მოსახლეობას წლის ბოლომდე კიდევ ერთი შეხვედრის გამართვას დაჰპირდნენ რომელზეც საუბარი 2023 წლის თბილისის ბიუჯეტსა და პროგრამებზე შედგება.