თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ მოქალაქეებს წლიური ანგარიში წარუდგინეს.
შეხვედრაზე ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულოში საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს გაუსვეს ხაზი.
საკრებულოს წევრებმა კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მერიის ანგარიშვალდებულების გაზრდაზე საკრებულოს წინაშე, მერიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაზე, ბიუჯეტის პრიორიტეტების სამართლიან განაწილებასა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრეს.
გიორგი შარაშიძის განცხადებით, ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე, 2021 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე, რომელზეც თბილისის მთავრობა დამტკიცდა, ფრაქცია თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივით გამოვიდა.
„ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მუდმივად ვაყენებთ ამ საკითხს, ვატარებთ ბრიფინგებს, გვაქვს კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ფრაქციის თავმჯდომარის, ზაზა თავაძის განცხადებით კი ფრაქციის წევრებისთვის დემოკრატიული მართვის უმნიშვნელოვანესი რგოლის, ადგილობრივი თვითმმართველობის, წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ რამდენად გამართული თვითმმართველობით ხვდება საქართველო იმ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესს, რასაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ჰქვია.
„ამ მიმართულებით ჩავატარეთ რამდენიმე ბრიფინგი და გამოვედით კონკრეტული ინიციატივით თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, სადაც მთავარი საკითხი უნდა ყოფილიყო ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა და საქართველოს ევროპული მომავალი“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
ანგარიშის წარდგენისას, სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხზე ფრაქციის წევრმა სალომე კობალაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა მთავარ პრიორიტეტად რჩება.
„გამოვედით კონკრეტული ინიციატივით, სატრანსპორტო რეფორმის დასრულებამდე შეღავათიანი ტარიფის დაწესების შესახებ. არაერთგზის გავაპროტესტეთ ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასების ზრდა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მიწოდებული სერვისის ხარისხის შესაბამისობა გაზრდილ ტარიფებთან და გამორიცხულიყო თბილისელების დისკომფორტი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას.
გამოვედით ინიციატივით, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტების დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილ იქნას თბილისელების აქტიური თანამონაწილეობა, ჩართულობა, მაქსიმალური ინფორმირება და საგზაო სამუშაოთა ისეთი დაგეგმარება, რომ გამოირიცხოს მოქალაქეების დისკომფორტი და თბილისელებს ჰქონდეთ უსაფრთხო და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა სალომე კობალაძემ.