დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს წევრმა, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ ნინო რუხაძემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ნინო რუხაძემ პრეზენტაციის დაწყებისას აღნიშნა, რომ 2019 წლიდან ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (CEMR) წევრი და ვიცე-პრეზიდენტია. ამავდროულად, ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესში (UCLG) ათეა-ს დელეგატი. ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის მიზანი კი საქართველოს მუნიციპალიტეტების, როგორც ევროპული მუნიციპალიტეტების ოჯახის განუყოფელი ნაწილის, პოზიციონირება და საერთაშორისო, განსაკუთრებით ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობაა.
საკრებულოს წევრმა ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში ჩართულობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით საბჭოს მიზანია უზრუნველყოს თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, აგრეთვე ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ნინო რუხაძემ ყურადღება გაამახვილა უკრაინელი დევნილების მხარდაჭერის საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში ჩართულობაზე. როგორც მან აღნიშნა თბილისში უკრაინელი დევნილების მასობრივი შემოდინების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებისა და პრობლემების დროული მოგვარების მიზნით თბილისის საკრებულოსთან შეიქმნა უკრაინელი დევნილების მხარდაჭერის საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს შემადგელობაში შედიოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და მოხალისეები, რომლებიც ადგილზე მუშაოდნენ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.
ანგარიშის წარდგენისას ნინო რუხაძემ საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოში მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით აქტიურად იყო ჩართული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, აგრეთვე სხვადასხვა სახის აქტივობებში, რომელთა მიზანი გენდერულად ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.
წლიური ანგარიშის პრეზენტაციას საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.