თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ერთი წლის განმავლობაში, კომისიამ 19 სხდომა ჩაატარა, სადაც 472 განკარგულებისა და 115 დადგენილების პროექტი განიხილეს.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, კომისიამ სამართლებრივ-შინაარსობრივი კუთხით, ქონებათა გადაცემის საკითხები შეისწავლა და 610-მდე ოჯახისთვის მათ სარგებლობაში არსებული ფართების გადაცემას მხარი დაუჭირა. ამას გარდა, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების 480-მდე წევრი, ან მათი უფლებამონაცვლე დაკმაყოფილდა.
ანგარიშში საუბარია ასევე კომისიის მიერ დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით მიღებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე. აღნიშნული საკითხების განმხილველი კომისიის წევრი, ლევან ჟორჟოლიანი 2019 წლიდან არის. კომისიის საქმიანობის ფარგლებში, განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები, რომლებიც ემსახურებოდა კომპანია ,,სვეტის“ ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ ,,ცენტრ პოინტის“, ,,აქსისის“ დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებას და აღნიშნული კომპანიების მიერ დაზარალებული ათასობით მოქალაქის დაკმაყოფილებას.
გარდა ამისა, ხელშემწყობი ღონისძიებები გატარდა არაერთი დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტის მიმართ, რის შედეგადაც, წლების განმავლობაში შეჩერებული მშენებლობები დასრულდება და ჯამში, დამატებით 500-მდე დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება.
ანგარიშში ლევან ჟორჟოლიანმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლება გამოყო. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე არაერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, მათ შორის ე.წ. ბარაკები ავარიული და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. შესაბამისად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან მათი ჩანაცვლება ხორციელდება.
წლიურ ანგარიშში ასევე საუბარია კომისიის მიერ მიღებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან განკარგულებაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება კერძო საკუთრებაში არსებული ფართების შესყიდვა. დღეის მდგომარეობით 55 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია.
გარდა ამისა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი ქართული დელეგაციის წევრია, რომლის საქმიანობის ფარგლებშიც, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, მან ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პლენარულ სესიებში მონაწილეობა მიიღო. ლევან ჟორჟოლიანი ასევე აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით გამართულ არაერთ ადგილობრივ ფორუმსა თუ ღონისძიებაში.