დედაქალაქის საკრებულოში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა, რომელიც 2021-2022 წლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის VI და VII მოწვევის საკრებულოში, პროპორციული წესით არჩეული წევრის უფლებამოსილების ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებდა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში, ასევე სხვა ადგილობრივ და სახელმწიფო სამსახურებში გამართული სხდომების მუშაობაში, ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობაში მის ჩართულობასა და სხვა სამუშაო პროცესებზე.
თინათინ ნიბლოშვილმა პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას - საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ სხდომებს, საბჭოს ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრებსა და აქტივობებს. მისი თქმით, წლის განმავლობაში საბჭოს მიერ ინიცირებულ ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია საინფორმაციო კამპანია "შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, რომლის მიზანი ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის ცნობიერების გაზრდაა. კამპანია საბჭოს ინიციატივით, „ევროპა დონა საქართველოსა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს და მის ფარგლებში უკვე არაერთი აქტივობა ჩატარდა, მათ შორის, „ვარდისფერი ოქტომბერი“, რომელიც მსოფლიოში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
თინათინ ნიბლოშვილი ანგარიშში ასევე შეეხო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმის მზადების პროცესს.
თინათინ ნიბლოშვილმა, ინფორმაცია წარადგინა მისი, როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრისა და ასევე ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის რანგში გაწეული მუშაობის შესახებ. ყურადღება გაამახვილა აღნიშნული კომისიებისა და ფრაქციის სხდომებზე განხილულ პრიორიტეტულ საკითხებზე.
თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა ასევე საანგარიშო პერიოდში მისი ინიციატივით გამართულ კულტურულ ღონისძიებებზე, მათ შორის პროექტზე „კინო ყველგან“, რომლის მიზანი, ქართული კინოს პოპულარიზაცია, ღია კინო ჩვენებების დავიწყებული ტრადიციის აღდგენა და დედაქალაქის უბნებში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა იყო. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, ასევე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
წლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ: საკრებულოს წევრები, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ბურძენიძე, დედაქალაქის რაიონულ გამგეობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, სხვა მოწვეული სტუმრები და დაინტერესებული პირები.