თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებას წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა და მიღწეული შედეგები შეაჯამა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში, თბილისის მერიასთან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით – მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, განხორციელდა ტაქსების რეფორმა და ამოქმედდა საათობრივი პარკირება.
ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც თბილისის მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, ბოლო წლის განმავლობაში დედაქალაქში გაჩნდა ახალი სარეკრეაციო სივრცეები, მოეწყო დასასვენებელი პარკები და სისტემატურად ხორციელდება გამწვანების სამუშაოები.
საუბრისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განსაკუთრებით გამოყო ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჟვანიას ქუჩაზე 1007კვ.მ ფართობზე გაშენდა სკვერი, ხოლო ტაბახმელაში 5405კვ/მ ფართობზე სარეკრეაციო სივრცე მოეწყო.
ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, გამგეობებთან, სამინისტროებთან და სხვადასხვა საჯარო უწყებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ მათთან კოორდინირებული მუშაობითა და თანმიმდევრული დაგეგმარებით არაერთი მოქალაქისთვის გახდა შესაძლებელი შესაბამისი დახმარების გაწევა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით. მათ შორის, გამაგრდა ავარიული სახლები, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა საცხოვრებელ ფართებს, კეთილმოეწყო ეზოები და სპორტული მოედნები, ქუჩებზე შეიცვალა წყალ-კანალიზაციის სისტემა და სხვა. მისი თქმით, მთაწმინდის რაიონის სხვადასხვა ქუჩაზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, აქედან ყველაზე მასშტაბური სამუშაოები ოქროყანაში, სატყეოს ქუჩაზე განხორციელდა, სადაც 13 000 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად დაიგო გზის საფარი, ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საკომუნიკაციო ჭები და ბორდიურები.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP) მონაწილეობაზეც ისაუბრა. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, CORLEAP-ის დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსით მან არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული კონფერენციისა და ევროპული საგარეო საქმეთა სამსახურის (EEAS) წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელა.
წლიური ანგარიშის წარდგენის ღონისძიებას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მოადგილე ლევან ბაჩიაშვილი, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.