თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ფარცვანია მოქალაქეებს შეხვდა და მათ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. დეპუტატმა ქალაქში არსებულ გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, მუნიციპალური ტრასპორტის და უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა და მოქალაქეებს სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარების მისეული ხედვა გააცნო. დავით ფარცვანია დედაქალაქის უბნების მიხედვით ტურისტული გეგმის შექმნის აუცილებლობასაც შეეხო.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, მიმდინარე წელს იგი ვიზიტით ვარშავის საკრებულოში იმყოფებოდა, სადაც ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. აღნიშნულ შეხვედრაზე, ნოემბერში თბილისის საკრებულოში ვარშავის საკრებულოს წევრების ვიზიტი დაიგეგმა. ამას გარდა, დავით ფარცვანიას თქმით, თბილისის ტურისტული შესაძლებლობების და საქართველოს პოლიტიკური სიტუაციის გასაცნობად, მედია ტურის ფარგლებში, საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიის მედიის წარმომადგენლები ეწვევიან.
დავით ფარცვანიამ ანგარიშის წარდგენაზე მისული მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათი პრობლემების მოსმენას იგი მომავალშიც განაგრძობს.