თბილისის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარმოადგინეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია საკრებულოს თითოეული წევრის საქმიანობა და ყოველი მათგანის ჩართულობა ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობაში, რათა მივიღოთ ქალაქის სწორად განვითარებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები. მონიჭებული მანდატის განმავლობაში ჩვენ, ყველანი, ერთობლივად შევძლებთ განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისა და თანამოქალაქეებისთვის სასიკეთო საქმიანობა. ერთობლივი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ წარმატებით დავძლიოთ ქალაქის წინაშე მდგარი გამოწვევები და დავგეგმოთ საკეთილდღეო პროექტები.
მოცემული ანგარიში ასახავს იმ საქმიანობას, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოში მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე იქნა განხორციელებული და ემსახურებოდა ჩვენი დედაქალაქის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ანგარიშის წარდგენისას გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს საქმიანობაზე, მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისში განხორციელებული მასშტაბური პროექტები თბილისელების ინტერესებზეა მორგებული.
ანგარიშში გიორგი ტყემალაძემ, გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ და დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ვაკის რაიონში განხორციელებული სარეკრეაციო სივრცეების მოწყობაზე გაამახვილა.
გიორგი ტყემალაძის თქმით, მოსახლეობისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მომავალ წელსაც იგეგმება.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, თავის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში, ასევე სხვა ადგილობრივ და სახელმწიფო სამსახურებში გამართული სხდომების მუშაობაში, ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობაში მის ჩართულობასა და სხვა სამუშაო პროცესებზე.
ანგარიშის თანახმად, გიორგი ახვლედიანმა სატრანსპორტო საკითხთა და სარევიზიო კომისიების სხდომებში და შესაბამისად, სხდომებზე წარმოდგენილი საკითხების განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
დღესვე გიორგი ახვლედიანმა, როგორც ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წევრმა, ფრაქციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და ამასთანავე აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში დაესწრო ფრაქციის მიერ ჩატარებულ 21 სხდომას და 38 მნიშვნელოვანი საკითხი შეისწავლა.
მათ შორისაა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ქაოტური განაშენიანების აღკვეთის გზების და უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული კანონიერი ბერკეტების შესახებ და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
გიორგი ახვლედიანის თქმით, მას, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, აქვს შეხვედრები მოქალაქეებთან. მიღების დღედ განსაზღვრულია ორშაბათი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა მიღება ნებისმიერ სამუშაო დღეს ხდება. გარდა ამისა, მოქალაქეთა ზარების მონიტორინგს მისივე სამდივნო ახორციელებს და საკითხიდან გამომდინარე შესაბამის სამსახურებთან აკავშირებს.
„ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს მოქალაქეთა ცხოვრებაში ვიყოთ აქტიურად ჩართულები“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.