საკრებულოს ფრაქცია ,,ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის’’ წევრებმა დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და საკრებულოს სარევიზიო კომისიას მიმართეს.
ფრაქციის თავმჯდომარე საბა ბუაძე მოუწოდებს დედაქალაქის მერს გააკეთოს განმარტება სამშენებლო კომპანია „დემაქს -ვაკე“-სთვის სამშენებლო ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით, საკრებულოს სარევიზიო კომისიას კი სთხოვს გამოიძიოს ეს კონკრეტული ფაქტი და თავისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
„პრორუსული ძალებისთვის და ე.წ. მეხუთე კოლონის წარმომადგენლებისთვის, „ალტ-ინფოსა“ და მათთან დაკავშირებული ადამიანისთვის პარტია „ქართული ოცნება“ სასათბურე პირობებს ქმნის. კახა კალაძემ მოახერხა მათთან თანამშრომლობა და მათთვის დახმარების გაწევა სამშენებლო ნებართვის გაცემის გზით.
კახა კალაძემ კონსტანტინე მორგოშიას მისცა შესაძლებლობა გაეფორმებინა 100 ათას დოლარიანი ხელშეკრულება და დამატებით მიეღო რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი. ამ სამშენებლო ნებართვის გაცემაზე წარსულში უარი თავად თბილისის მერიას აქვს ნათქვამი. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება უპირისპირდებოდეს ასეთ ძალებს ჩვენ ვხედავთ რომ ის პირდაპირ კომუნიკაციაშია მათთან“, - განაცხადა საბა ბუაძემ.