თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის“ თავმჯდომარემ, საბა ბუაძე ურბანულ საკითხებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც საბა ბუაძემ განაცხადა, უახლოეს მომავალში საკრებულო, თბილისის მერიის წარდგინებით, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე 500,000 კვ.მ სამშენებლო მოცულობის პროექტის დამტკიცებას გეგმავს, რომელიც 100,000 კვ.მ ფართობზე განხორციელდება. ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის“ თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია მერიასთან დაახლოებულ დეველოპერს, კობა კვეტენაძეს ეკუთვნის. საბა ბუაძე თბილისის მერიას მოუწოდებს, გადახედოს პროექტს და ისე წარადგინოს საკრებულოში.
„თბილისის ურბანული გენოციდი გრძელდება. ამჯერად დიდ დიღომში, 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის მერიასთან დაახლოებულ დეველოპერს, კობა კვეტენაძეს ეკუთვნის, მეგა პროექტის განხორციელება იგეგმება. პროექტის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 30 -ზე მეტი კორპუსის განთავსება იგეგმება, რომელთა სართულიანობაც 12-დან -21 სართულამდე იქნება. ეს იქნება დამღუპველი დიდი დიღმისთვის და მორიგი ურბანული დანაშაული თბილისისთვის. მოვუწოდებ თბილისის მერიას, გადახედოს აღნიშნულ პროექტს და ისე წარადგინოს საკრებულოში“- განაცხადა საბა ბუაძემ.
საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლის აზრით, ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებას ვერც ინფრასტრუქტურა და ვერც ისედაც გაუმართავი სატრანსპორტო სისტემა ვერ გაუძლებს და დიდ დიღომს და იქ მცხოვრებთა ინტერესებს სერიოზულად დააზიანებს.