საკრებულოს ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის“ წევრმა ვახტანგ სურგულაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა და დედაქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალსა და რისკებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება პირველ რიგში ადამიანების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს.
„რაც მოხდა გუშინ? რომ მოსულიყო იგივე ნალექი, რაც მოვიდა 8 წლის წინ 2015-ში, მერწმუნეთ, გაცილებით რთული სიტუაცია გვექნებოდა. სად შეიქმნა პრობლემები? იმ ადგილებზე, ეს არის ვაკე და გლდანი, სადაც ვითომ ახალი საკანალიზაციო სისტემაა გაკეთებული. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ადგილი, რომელიც სამი თვის წინ გაიხსნა, მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის შემაერთებელი გზა, აქ სამ თვეში ჯერ ქვათა ცვენა იყო და გუშინ ამ გზამ წყალიც ვერ შეაკავა,“- განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.
მისივე თქმით, თბილისი სეისმურად აქტიური ქალაქია, სადაც წყალდიდობების და ღვარცოფების საშიშროება არსებობს. ვახტანგ სურგულაძემ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქის ხელისუფლებამ ეს პროექტი დაიწუნა.
„თურმე თბილისი ნაგვით არის სავსე. არ ვიცოდით ეს? მთავარი არის ადამიანების უსაფრთხოება. ის სტანდარტები, რომელიც ახლა არსებობს მშენებლობის მიმართულებით, არის საბჭოთა კავშირის დროინდელი სტანდარტები. არ შეიძლება ამ სტანდარტით მუშაობა. როდესაც კალაძეს მერად ირჩევდნენ, მაშინ თქვა, რომ ჩვენ გამოვაცხადებთ მორატორიუმს მშენებლობაზე და რა მოხდა? მშენებლობა მოედო მთელ ქალაქს, განსაკუთრებით ცენტრს. უნდა შეჩერდეს მშენებლობებზე ახალი ნებართვების გაცემა. ყველა ნებართვა სერიოზულად უნდა განვიხილოთ, რა რისკებს შეიცავს,“- დასძინა ვახტანგ სურგულაძემ.