დღეს, თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები და პარტია „საქართველოს“ პარლამენტარი წევრები ესწრებოდნენ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტარმა ბექა ლილუაშვილმა სახალხო ბიუჯეტირების პროგრამის პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაცია თბილისის ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით პარტიის ხედვას ეხებოდა.
შეხვედრა ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ გახსნა, რის შემდეგაც ბექა ლილუაშვილმა პარტიის ინიციატივა - სახალხო ბიუჯეტირების პროგრამა წარადგინა. მან ზოგადად თვითმმართველობის შესახებ, თვითმმართველობების ბიუჯეტების დაგეგმვაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქზე გაამახვილა. ბექა ლილუაშვილმა პარტიის ინიციატივის მნიშვნელობაზე და მის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ პროგრამის ძირითადი არსი თვითმმართველობების ბიუჯეტების დაგეგმვაში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობს, რომ ფინანსური დოკუმენტი მოქალაქეების ინტერესებს და საჭიროებებს გამოხატავდეს. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სამ თვითმმართველ ქალაქში ბათუმში, ზუგდიდსა და გორში მოხერხდა საკრებულოების მიერ ამ პროგრამის წარმატებით განხორციელება.
შეხვედრაზე პროგრამის განხორციელების მექანიზმებზე, თბილისის საკრებულოს უმრავლესობასთან კომუნიკაციაზე, ინიციატივის საკრებულოს სხდომაზე დაყენების გზებზე და სამუშაო ვერსიის წარდგენაზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის და განხილვის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სახალხო ბიუჯეტირების პროგრამის შესახებ მომავალ შეხვედრებსა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.