თბილისის საკრებულოს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრები დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ახალი ინიციატივით მიმართავენ და ავტობუსებით მოსარგებლე მოსახლეობისთვის დამატებითი შეღავათიანი ტარიფების დაწესებას ითხოვენ. განცხადება ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაშიძემ საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მოვუწოდებთ თბილისის მერს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის მაინც, რომელიც მხოლოდ ავტობუსებით გადაადგილდება, შემოიღოს ახალი, დამატებითი - 25 ან 30 ლარიანი პაკეტი, რომელიც, რიგით თბილისელს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დანახარჯს ოდნავ მაინც გაუიაფებს და ტოტალური ინფლაციის ფონზე მცირედით შეუმსუბუქებს საგადასახადო ტვირთს“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისივე განცხადებით, ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრები ქალაქის მერს შეახსენებენ, რომ პასუხს მათ ინიციატივაზე თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის ამ დრომდე ელოდებიან.
„მინდა შევახსენო თბილისის მერს ბატონ კალაძეს, რომ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია პასუხი ჩვენს ინიციატივაზე თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ. მივმართავთ მას საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ემხრობა თუ არა თბილისში ანგარიშვალდებული, ღია, გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის მმართველობის დანერგვას - ანტიკორუფციული კომისიის შექმნას თბილისის საკრებულოში“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.