პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ინიციატივით და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით, თბილისის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზე არ არის მორგებული.
პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წარმომადგენლის ნინო წულაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დასკვნა შემუშავდეს, რომელშიც ოპოზიციის შენიშვნები და რეკომენდაციები იქნება ასახული.
„როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი, კვლავ არ არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, არ იზრდება ავარიული შენობების რეაბილიტაციის ხარჯები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მერიის ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა დედაქალაქის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების დაფინანსების შემცირების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შემუშავდეს საერთო ოპოზიციური დასკვნა, შენიშვნები და რეკომენდაციები. ჩვენ, ერთობლივი ძალით, ვიბრძოლებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ თბილისს ხალხის ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტი ჰქონდეს“- განაცხადა ნინო წულაძემ.