თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკრებულოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ უკრაინის მხარდასაჭერ მიმართვას ხელს არ მოაწერს. განცხადება ამის შესახებ, საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიმართვის შინაარსს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მასში რუსეთის აგრესია და რუსული ოკუპაცია ნახსენები არ არის. ოპოზიციის წევრების შეფასებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება ისე, რომ რუსეთი და ოკუპაცია არ ახსენო, მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს ემსახურება.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, მიმართვაში რუსეთის როლზე აქცენტები ხაზგასმული არ არის, რაც პუტინის რეჟიმის მაამებლურ პოზიციას უფრო გამოხატავს, ვიდრე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.
პარტიის ,,ლელო საქართველოსთვის’’ წარმომადგენლის საბა ბუაძის თქმით კი, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ,,ქართულ ოცნებას’’ შორის კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც, საკრებულოში არსებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს განცხადების ტექსტი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე რეალურ პრობლემებთანაა შესაბამისობაში.