პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა.
აღნიშნულის თაობაზე ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად ბრიფინგი გამართა.
ზაზა თავაძის თქმით, "ქართული ოცნების“ მხრიდან 20 ათასი დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა.
"დღეს, ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ მხრიდან 20 ათასი აშშ დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა.
დავით ფარცვანია ასევე შემჩნეული იყო “ქართულ ოცნებასა” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში, ინფორმაციებისა და ჩანაწერების მიწოდებაში, რასაც მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ყველაზე კარგად ადასტურებს" - განაცხადა ზაზა თავაძემ.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით.
,,ჩვენი გადაწყვეტილება ყველა მსგავს შემთხვევაში იქნება ანალოგიურად მკაცრი’’,-განაცხადა ზაზა თავაძემ.