დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა ნინო წულაძემ და ვახტანგ სურგულაძემ ბრიფინგი გამართეს.
თბილისის საკრებულოს პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ინიციატივით გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციურმა წევრებმა ნინო წულაძემ - „ანა დოლიძე - ხალხისთვის“, ვატო სურგულაძემ - „ლელო საქართველოსთვის“ და სალომე კობალაძემ - „საქართველოსთვის“ თბილისის მუნიციპალიტეტის ალტერნატიული გენდერული თანასწორობის საბჭო ჩამოაყალიბეს.
როგორც საკრებულოს წევრებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, ალტერნატიული გენდერული საბჭო ღიად და აქტიურად, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე იმუშავებს ქალების უფლებების დასაცავად, მათი ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მექანიზმების შესამუშავებლად, სექსუალური შევიწროებისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენციისთვის.
გამართულ ბრიფინგზე ნინო წულაძემ და ვახტანგ სურგულაძემ პარლამენტისა და სხვა მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციურ წევრებს მოუწოდეს შექმნან ალტერნატიული გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც ნამდვილად გენდერული პოლიტიკის შესაქმნელად და ქალების გასაძლიერებლად იმუშავებს.