თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მთაწმინდის მაჟორიტარმა, ჯაბა ჯიშკარიანმა მთაწმინდის მოსახლეობას 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიში 31 ოქტომბერს წარუდგინა.
ჯაბა ჯიშკარიანი საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრია. მიმდინარე წლის 16 აგვისტომდე იყო ასევე საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი, მიმდინარე წლის 16 აგვისტოდან კი ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრია. შესაბამისად ანგარიშში დეპუტატის კომისიურმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
მაჟორიტარმა შეხვედრისას გაწეული საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა და მოსახლეობას იმ საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც მისი შუამდგომლობის შედეგად გადაწყდა.
ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, საანგარიშო პერიოდში, მხოლოდ გეგმიურ ოთხშაბათს (მოქალაქეთა მიღების დღეს) დეპუტატის წარმომადგენლობამ 600-მდე მოქალაქე მიიღო. დეპუტატის შუამდგომლობები კი სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და მიწის ლეგალიზაციას, ასევე მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე (თბილისური ეზოს) ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების ავარიულობასა და მათი გამაგრება აღდგენის საკითხებს ეხებოდა. შუამდგომლობების უმეტესი ნაწილი დადებითად გადაწყდა, ნაწილი კი სირთულიდან გამომდინარე, დამუშავების პროცესშია. საკრებულოს წევრმა ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის აქტიურად მიმდინარეობდა და დღემდე გრძელდება გასვლითი შეხვედრები.
წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საკრებულოს წევრმა მთაწმინდის მცხოვრებლებს სამოქალაქო აქტივობისთვის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.