თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ქეთევან ჯოხაძემ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში 23 ოქტომბერს წარუდგინა.
ანგარიშის წარდგენისას, ქეთევან ჯოხაძემ განხორციელებულ პროექტებზე, საკრებულოს სხდომებში, კომისიებსა და ფრაქციაში საქმიანობასა და სხვადასხვა ინიცირებულ საკითხებზე ისაუბრა.
დეპუტატმა, მოსახლეობას მოქალაქეთა მიღებებზე, მათი წერილების, წინადადებების და საჩივრების განხილვაზე, ასევე შუამდგომლობებისა და გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, მოქალაქეებს როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ინფრასტრუქტურული მოწყობის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გაეწიათ დახმარება.
გლდანის რაიონში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა - შიდა გზები მოასფალტდა, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნები მოეწყო, რამდენიმე მისამართზე კორპუსების გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა, რაიონში ახალი ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, ხოლო მუხიანი 2-ის დასახლებაში გარდამავალი პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. აღნიშნული საკითხი უკვე წლებია ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოუგვარებელი პრობლემა იყო.
ქეთევან ჯოხაძემ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ სამუშაოებთან ერთად, მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და მოსახლეობას მუხიანის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები გააცნო.
მაჟორიტარმა შესრულებულ თუ განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა და მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები გასცა.
ქეთევან ჯოხაძემ მუხიანის მცხოვრებლებს ანგარიში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ირაკლი ზარქუასთან და საკრებულოს წევრ ნინო რუხაძესთან ერთად წარუდგინა.