თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის 2019 წლის ანგარიში 25 ოქტომბერს წარუდგინა.
რიმა ბერაძე 2017 წლის 15 ნოემბრიდან არის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ და გენდერული საბჭოს წევრი; დეპუტატი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიაში თბილისის საკრებულოს წარმოადგენს.
როგორც რიმა ბერაძემ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, სარევიზიო კომისიის მიერ საანგარიშო პერიოდში შემოწმდა 25 ორგანიზაცია, აქედან 8 ორგანიზაცია შემოწმება- განხილვის პროცესშია. შემოწმების შედეგად, სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლების მიერ შედგენილ იქნა დასკვნები და რეკომენდაციები.
დეპუტატმა გასული წლის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 28 და ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 15 სხდომაში, როგორც გენდერული საბჭოს წევრი კი აქტიურად იყო ჩართული საკრებულოს 2018-2019 წლების გენდერული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შედგენასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.
საკრებულოს წევრმა წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება . აღსანიშნავია, რომ ჩუღურეთის რაიონში, 9 ძმის ქუჩაზე დასრულდა ყოფილი მე-3 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 220-ე სკოლის სახელით უკვე შეძლებს ნოემბრიდან მოსწავლეების მიღებას.
რიმა ბერაძემ ასევე განაცხადა, რომ, როგორც ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი წლის განმავლობაში რაიონის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრებზე შეხვდა 1900 მოქალაქეს, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება თუ კონსულტაცია.
,,მოქალაქეთა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლის გადაწყვეტაც სცილდება ჩემს კომპეტენციას, მაქვს უწვეტი კომუნიკაცია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
ჩემი მუშაობის პრიორიტეტია ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა მომავალი კარიერული განვითარებისთვის. ამ მიზნით, ჩემივე ინიციატივით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიაში სტაჟირება წარმატებით გაიარეს და მათ შესაბამისი სერთიფიკატებიც გადაეცათ,“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
საკრებულოს წევრისვე თქმით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მისი ინიციატივით არაერთი საქველმოქმედო თუ კულტურული ღონისძიება გაიმართა ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობისთვის.