თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.
საკრებულოს წევრმა, მიმდინარე წელს, მოსახლეობისთვის ანგარიში ჩაბარების განსხვავებული ფორმა შეარჩია. კერძოდ, რევაზ სოხაძე ერთი კვირის განმავლობაში პირადად სტუმრობდა სამაჟორიტარო რაიონის მცხოვრებლებს და მათ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ სრულ ინფორმაციას აწვდიდა.
რევაზ სოხაძის ვრცელ ანგარიშში საუბარია, დეპუტატის მიერ სამაჟორიტარო რაიონში განხორციელებულ საქმიანობაზე, დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რევაზ სოხაძის საქმიანობას თბილისის საკრებულოში.
დეპუტატის განცხადებით, 2019 წელს, რაიონში მასშტაბური პროექტების განხორციელებადაიწყო, რომელიც მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული.
„სამგორის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან განსაკუთრებულად აღსანიშნავია ვარკეთილი-3-ში, მე4 მ/რ, 425 „ა“ კორპუსის მიმდებარედ მშენებარე უეფას სტანდარტების ფეხბურთის მოედანი, ვარკეთილი 3, მე-3 „ა“ მ/რ-ში არსებული დიდი სკვერის რეაბილიტაცია, ვარკეთილი-3, მე-2 მ/რ-ში ბულვარის რეაბილიტაცია, ვარკეთილი-3, მე-3 „ა“ მ/რ-ში 180-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ მულტიფუნქციური კომპლექსის მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები“,- ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია მაჟორიტარი დეპუტატის მიერ წამოწყებულ გამწვანების კამპანია - „გაამწვანე ვარკეთილი“-ს შესახებ, რომლის ფარგლებშიც სამაჟორიტარო ოლქში სულ 14145 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე დაირგო, რაც რაიონში რეკრეაციული სივრცის განვითარებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
„2018-2019 წლებში, რაიონში მოეწყო სპორტული მოედნები, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სავალი ბილიკები, განახლდა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, მოეწყო სავარჯიშო სივრცეები, ფიტნეს ზონები, განახლდა სკვერები და დაიდგა ფანჩატურები. ასევე დამონტაჟდა ტრენაჟორები. ყველა მისამართზე შეიცვალა ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი, ჯამში 400 (ოთხასი) ერთეული.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, სამგორის რაიონში კომპანია GWP-ის დახმარებით, წყალარინებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.
ამ პერიოდში რაიონში შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს ხელშეწყობით განხორციელდა დასუფთავების აქცია, ასევე შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფითა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა კამპანია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდა თაობა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის ჩაბარებისას, რევაზ სოხაძემ საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის მიერ ჩატარებული საქმიანობის მიმოხილვისას, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ისტორიულ-კულტურული და ლანდშაფტური ნაწილის განვითარებაზე. მან ასევე გაამახვილა ყურადღება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შეტანილ ცვლილებებსა და K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვაზე.
რევაზ სოხაძის თქმით, მოსახლეობისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მომავალ წელსაც იგეგმება.