თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის (კენტი მიკრორაიონები) მაჟორიტარმა დეპუტატმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ მოსახლეობას 2018 - 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში 23 ოქტომბერს წარუდგინა.
ანგარიშის წარდგენისას, ოთარ გრიგოლია აუდიტორიას რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა და მათ შორის ყურადღება ერთ-ერთ გამორჩეულად მასშტაბურ პროექტზე ვეკუა -ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციაზე გაამახვილა, რომელიც კახეთის გზატკეცილისა და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, რიგით მესამე უდიდესი პროექტია.
„აღნიშნულ პროექტზე 24-საათიანი მუშაობა მიმდინარეობს და რეაბილიტაციის პირველი ეტაპი წლის ბოლოსთვის, მეორე ეტაპი კი, რომელიც ქუჩების კეთილმოწყობას მოიცავს, მომდევნო წლის მარტის მიწურულს დასრულდება. პროექტის განხორციელებით რაიონს მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ქუჩა ექნება“-აღნიშნულია ანგარიშში.
ოთარ გრიგოლიას თქმით, რაიონის ბიუჯეტიდან თანხა შიდაკვარტალური გზების მოპირკეთებაზეც დაიხარჯა და კენტ მიკრო რაიონებში გზების მოხრეშვისა და ორმოული შეკეთებების სამუშაოებიც განხორციელდა. ბერთუბნის დასახლებაში, წყაროთუბანსა და ხევისპირის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა.
მაჟორიტარის თქმით, სხვა მსხვილი პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში მოეწყო არაერთი სკვერი და სტადიონი. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით კი ქალაქის მერისა და ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით მორიგი სტადიონის მოწყობაც დაიგეგმა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას გლდანის რაიონის მოსახლეობასთან ერთად, რაიონის გამგებელი - ბექა მიქაუტაძე და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.