თბილისის საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში 23 ოქტომბერს წარუდგინა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ნინო რუხაძეს საკრებულოს წევრის მანდატი 2019 წლის 23 ივლისს მიენიჭა , ამ დროიდანვე იგი იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიისა და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების წევრია.
ნინო რუხაძე ასევე არის ფრაქციის “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მდივანი და თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.
„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდი საკრებულოში არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს სხდომებსა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში. სისტემატურად ვესწრებოდი კომისიების საქმიანობის ფარგლებში გამართულ სხდომებსა და სამუშაო შეხვედრებს. ვმონაწილეობდი საკითხების განხილვასა და სამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზში“,- ნათქვამია ანგარიშში.
როგორც დეპუტატმა ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ის მოსახლეობასთან შეხვედრებს მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლობებშიც ესწრებოდა.
„დავესწარი მოსახლეობასთან შეხვედრებს ჩუღურეთის მაჟორიტარის, რიმა ბერაძისა და ისნის მაჟორიტარის, ნინო ლაცაბიძის წარმომადგენლობებში. შეხვედრებში მონაწილეობის მიზანი იყო მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის გზით პირველწყაროდან შემეტყო მათი პრობლემების შესახებ; გავცნობოდი მაჟორიტარების მიდგომებს ამ პრობლემების მოგვარების საქმეში და საჭიროების შემთხვევაში მათთვის სამართლებრივი კონსულტაცია გამეწია“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
ანგარიშის ბოლოს, ნინო რუხაძემ შესრულებულ თუ განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა და მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები გასცა.
ნინო რუხაძემ მუხიანის მცხოვრებლებს ანგარიში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ირაკლი ზარქუასთან და გლდანის რაიონის მაჟორიტართან, ქეთევან ჯოხაძესთან ერთად წარუდგინა.