თბილისის საკრებულოს ეკონომიკური პოლიტიკის, საინვესტიციო განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ და ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობას 2019 წლის ანგარიში 25 ოქტომბერს წარუდგინა.
ნინო ლაცაბიძე ფრაქციის ,,ქართული ოცნებამ - დემოკრატიული საქართველოს“, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიისა და საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრია. შესაბამისად, ანგარიშში, დეპუტატის საქმიანობის აღწერას კომისიებში, ფრაქციასა და გენდერულ საბჭოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა.
ანგარიშის წარდგენისას საკრებულოს დეპუტატმა ისნის რაიონის მოსახლეობას წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დეტალურად გააცნო და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ შეხვედრებისას წარმოჩენილი პრობლემატიკის მიხედვით , მოქალაქეებს სოციალური, ჯანდაცვის, ურბანული, ინფრასტრუქტურული თუ კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით სხვადასხვა სახის შუამდგომლობა, დახმარება და კონსულტაცია გაეწია.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ისნის რაიონში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თვითმმართველი ორგანოების მუშაობის პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობას.
„ვცდილობთ, ახალგაზრდებთან გვქონდეს მჭიდრო კავშირი, ამიტომ ჩვენს რაიონში არსებულ საჯარო სკოლებთან გვაქვს ხშირი კომუნიკაცია და ამავე სკოლების მოსწავლეებს ვთავაზობთ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობას, როგორც დაგეგმვის ისე აღსრულების კუთხით,“ - განაცხადა დეპუტატმა.
ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ისნის რაიონში წლიური ანგარიში მოსახლეობას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ წარუდგინა.