თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ნაძალადევის რაიონის მე-19 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ამაშუკელმა მოსახლეობას ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში 30 ოქტომბერს ჩააბარა.
მიხეილ ამაშუკელმა სამაჟორიტარო ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 32 ლოკაციაზე, გარემონტდა ქუჩები, გამოიცვალა საკანალიზაციო სისტემა, კორპუსების მიმდებარედ დაიგო, მოიხრეშა გზები და სხვადასხვა მისამართზე კეთილმოეწყო 6 სკვერი.
გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ნაძალადევის რაიონის მე-19 ოლქის წარმომადგენლობას განცხადებით მიმართა 170-მა მოქალაქემ, შუამდგომლობა გაეწია 140 მოქალაქეს. მაჟორიტარმა დეპუტატმა უშუალოდ კონსულტაცია გაუწია 800-მდე და შეხვდა 1000-მდე მოქალაქეს.
გარდა ამისა, მიხეილ ამაშუკელი არის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი. ასევე არის თბილისის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მდივანი. შესაბამისად ანგარიშში საკრებულოს წევრის კომისიურ და ფრაქციულ მუშაობას და საქმიანობას მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო.
წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მცხოვრებლებს სამოქალაქო აქტივობისთვის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები - ანა ლაშხი და ირაკლი ზარქუა ესწრებოდნენ.