დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა მოსახლეობას 2018-2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში 27 ოქტომბერს წარუდგინა.
ანგარიშის წარდგენისას ლევან ჟორჟოლიანმა ისაუბრა კომისიის მიერ შესწავლილ მნიშვნელოვან პროექტებზე. მისი თქმით, 2018 წლის ნოემბრიდან - 2019 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ ჩაატარა 19 სხდომა სადაც 353 განკარგულებისა და 89 დადგენილების პროექტი განიხილეს.
ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებას, რომელიც დეპუტატის თქმით, თავისი შინაარსით, მასშტაბით და კონცეპტუალური ხედვით დედაქალაქისთვის უპრეცედენტო დოკუმენტია.
წარდგენისას ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს განხილული საკითხებიდან აღსანიშნავია მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული პროცესი, რომლითაც კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებული წევრებისთვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა, მათ მიმართ არსებულ სახელმწიფო საშინაო ვალის მოთხოვნაზე უარის თქმის სანაცვლოდ ხდება.
„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესის განხორციელებისას მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ იქნა სამართლიანი რიგითობის პრინციპი, რომლის თანახმადაც პრიორიტეტი მიენიჭათ დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს“ - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.
გარდა ამისა, ლევან ჟორჟოლიანმა მოსახლეობას სტატისტიკა გააცნო იმ პირების, რომელთაც მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ მათ მიერ დაკავებული ფართები დაუკანონდათ.
ლევან ჟორჟოლიანმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლიდან არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის“ წევრი და აქტიურად არის ჩართული აღნიშნული კომისიის მუშაობაში, რომლის მიზანიც არის ერთის მხრივ დაუსრულებელი მშენებლობებით გამოწვეული დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესება, ხოლო მეორე მხრივ იმ ასობით დაზარალებული მოსახლეობის დაკმაყოფილება, რომლებიც დღემდე ელოდებიან მშენებლობების დასრულებას და ბინების მიღებას.
ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა იმ უპრეცედენო გადაწყვეტილებას, რაც სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულებთან დაკავშირებით განხორციელდა (დაახლოებით 1378 პირი), მანვე მოსახლეობას განუცხადა, რომ აღნიშნულ ობიექტებს მიენიჭათ უკვე დაუმთავრებელი ობიქტების სტატუსი და მიმდინარეობს მეორე ეტაპი რაც ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრას გულისხმობს.
დასასრულს, ლევანმა აღნიშნა, რომ გეგმავს აქტიურად განაგრძოს წამოწყებული პროექტები, ასევე, მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გეგმავს უფრო მეტი აქტივობის განხორციელებას. აღნიშნა, რომ აქვს არაერთი ინიციატივა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით და დასძინა, რომ ელის მოქალაქეთა მეტ ჩართულობას ამ პროცესში.
ლევან ჟორჟოლიანმა მოსახლეობას ანგარიში საკრებულოს საბურთალოს რაიონის მე 4 ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან ავთანდილ ცინცაძესთან ერთად წარუდგინა. ანგარიშის ჩაბარებას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მდინარაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ესწრებოდნენ.