თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქციის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ წევრმა ლევან არველაძემ საბურთალოს მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიში 16 ოქტომბერს წარუდგინა.
ლევან არველაძემ მოსახლეობას, საანგარიშო პერიოდში, მის მიერ თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა საკრებულოსა და ბიუროს სხდომებში მონაწილეობის შესახებ, რომლებზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. საკრებულოს დეპუტატმა მოსახლეობას ასევე ის დადგენილებები და განკარგულებები გააცნო, რომელთა მომზადებასა და მიღებაში მას უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული.
ლევან არველაძის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო დეპუტატის გაწეულ საქმიანობას საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებში.
გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ლევან არველაძე, როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, მონაწილეობდა ფრაქციის მუშაობაში და აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ ღონისძიებაში, რომლებიც საკრებულოსა და მერიის ინიციატივით გაიმართა.
წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ბოლოს, ლევან არველაძემ საბურთალოს მცხოვრებლებს სამოქალაქო აქტივობისთვისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საკრებულოს წევრმა საბურთალოს მცხოვრებლებს ანგარიში საკრებულოს წევრ დავით უთმელიძესთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ, გაიოზ ვასაძესთან ერთად წარუდგინა.
მოსახლეობასთან ერთად ანგარიშს საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე ესწრებოდა.