თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ გლდანის რაიონის მოსახლეობას 2019 წლის ანგარიში 23 ოქტომბერს წარუდგინა.
ირაკლი ზარქუა 2019 წლის 16 აგვისტომდე იყო თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. 16 აგვისტოდან კი მუშაობას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე აგრძელებს.
ამავე დროს, არის საკრებულოს სარევიზიო და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.
როგორც ირაკლი ზარქუას ანგარიშშია ნათქვამი, მისი თავმჯდომარეობით საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის 32 სხდომა ჩატარდა, სადაც 290 საკითხი განიხილეს. მათ შორის კი, თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის წლიური და 2019 წლის 3 და 6 თვის ბიუჯეტის შესრულება შეისწავლეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ანგარიშის წარდგენისას 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრა. მათ შორის, როგორებიცაა: ჭავჭავაძის გამზირისა და კახეთის გზატკეცილის, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების, ასევე კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაცია. ასევე ყურადღება გაამახვილა მულტიფუნქციური საზოგადოებრივი (სპორტული) ცენტრების მშენებლობებზე, რომლებიც მომავალ წელს დასრულდება.
ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თბილისში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს.
„დაახლოებით 340-მდე ოჯახს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფლობდნენ და სარგებლობდნენ უძრავი ქონებით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა შესაბამისი ქონება (5414,75 კვმ საცხოვრებელი ფართი).
ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც კომისიამ შეისწავლა არის - ვარკეთილის ტერიტორიაზე ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახებისათვის ავარიული ბინების სანაცვლოდ, ახალი საცხოვრებელი ბინების გადაცემის საკითხი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც კომისიამ შეისწავლა, არის კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა.
27962 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა 113 ოჯახს, გარდა ამისა 61 ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, მათი მხრიდან სახელმწიფო საშინაო ვალზე უარის თქმის სანაცვლოდ",- ნათქვამია ირაკლი ზარქუას ანგარიშში.
ანგარიშის დასასრულს, ირაკლი ზარქუამ შესრულებულ თუ განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა და მოქალაქეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.