თამარ ტალიაშვილი მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის ერთი წლის ანგარიშით წარსდგა, რომელიც მან თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის (ყოფილი თემქა) მაჟორიტარი დეპუტატის, ასევე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციებზე განახორციელა.
მოსახლეობასთან წლიური ანგარიშის წარდგენისას, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერიასა და ნაძალადევის გამგეობასთან, საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტისა და ინიციატივის განხორციელება შეძლო. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა თბილისის მერის, კახა კალაძის მმართველობის განსაკუთრებული ეფექტიანობის როლს მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამების განხორციელების საქმეში.
„თბილისის მერის, კახა კალაძის, მისი მოადგილის მაია ბითაძისა და მთლიანად გუნდის მხარდაჭერითა და აქტიური მუშაობით, უმოკლეს ვადაში შესაძლებელი გახდა კოლოსალური შედეგების მიღწევა ზღვისუბნისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ინიციატივის „თემქის ხევის“ ადგილას უპრეცედენტოდ მასშტაბური საპარკე-დასასვენებელი და რეკრეაციული სივრცის, „ზღვისუბნის პარკის“ მოწყობის გზაზე. განხორციელდა 25 ჰექტრიანი ხევის ტერიტორიის ჭაობური მცენარეებისგან, ლეშქაშისგან გაწმენდა, ჰიდროლოგიური კვლევის ჩატარება, და ამჟამად პროექტირების ეტაპზე გადასვლა. სწორედ ეს პროექტი ზღვისუბნის მცხოვრებლებს მათი საცხოვრებელი პირობების განვითარების სრულიად ახალ, მათ შორის ეკონომიკურ და სოციალურ პერსპექტივებს სძენს“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თამარ ტალიაშვილმა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის რანგში დაყენებულ და განხორციელებულ იმ სამართლებრივ და საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომელიც მიზნად ისახავს დედაქალაქის კულტურული და საგანმანანათლებლო სფეროს გაუმჯობესებასა და მოდერნიზებას. დეპუტატმა ისაუბრა „კულტურის შესახებ საქართველოს კანონში“ განხორციელებულ ცვლილებაზე; ასევე, პირობების გამუჯობესების მიზნით „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ წესში შეტანილ ცვლილებაზე და ბიბლიოთეკების მოდერნიზების მიზნით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ სამართლებრივი წესის დამტკიცებაზე.
გარდა ამისა, შეეხო კულტურულ-შემოქმედებითი პროგრამების დაფინანსების ახალ წესს „შემოქმედებითი თბილისი“, რომელიც სფეროში მოღვაწე ადამიანების მხარდაჭერის ახალ ინოვაციურ პლატფორმად შეაფასა. დეპუტატმა ასევე ისაუბრა თბილისის მერიაში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ახალგაზრდული პროექტებისა და მონუმენტური სახვითი ძეგლებისა და მემორიალური დაფების განთავსების ინიციატივების განმხილველი კომისიების წევრის რანგში მხარდაჭერილ უამრავ პროექტზე, რომელიც თბილისში იმართება.
მოსახლეობის თხოვნით დეპუტატმა ისაუბრა საზოგადოებაში ძალიან პოპულარულ კამპანიებზე, რომელიც თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ დაიწყო, მათ შორის,ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი პროექტის „ჩვენი ეზოს თამაშები“ და მუზეუმების პოპულარიზაციის პროექტის „თბილისის მუზეუმების კვირეული“ შესახებ.
დეპუტატმა ყურადღება ერთი წლის მანძილზე ზღვისუბანში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, ყველა პროექტის დაგეგმვისას თანამშრომლობს მოქალაქეებთან, რათა მათი საჭიროებები და პრიორიტეტები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ერთი წლის მანძილზე ზღვისუბანში16 090 კვ.მ. გზის საფარის რეაბილიტაცია ჩატარდა, გადაიხურა კორპუსები, მოეწყო კანალიზაციის სისტემები, მოეწყო სკვერები, სპორტული სათამაშო მოედნები და სხვა. დეპუტატმა ასევე ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მასშტაბურ რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც, ზღვისუბანში N95 ავტობუსი ჩანაცვლდა ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსით და ნოემბრის ბოლოსთვის დაგეგმილი N3 ავტობუსის ჩანაცვლების თაობაზე.
დეპუტატმა მოქალაქეებს გააცნო მის მიერ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც შუამდგომლობების აბსოლუტური უმრავლესობა დაკმაყოფილდა. დეპუტატმა ხაზი გაუსვა ასევე იმ პროექტებს, რომელსაც თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხთა კომისიის წევრის რანგში განიხილა და რომელიც თითოეული თბილისელის ჯანდაცვითი პროგრამების გაფართოებასა და დაფინანსების ზრდას უწყობს ხელს, მათ შორისაუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, ღვიძლის ტრანსპლანტაცია, ძუძს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები და სხვა პროგრამები.
სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში დეპუტატმა აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში აქტიურად გრძელდება ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა და არსებული შენობების კაპიტალური რეკონსტრუქციის სამუშაოები, აქვე აღნიშნა, რომ 2020 წელს ზღვისუბანში კიდევ ერთი ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება. განსაკუთრებული ყურადღება კი გაამახვილა მისი ინიციატივით განხორციელებულ მეთოდოლოგიურ რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში მულტიდისციპლინარული ჯგუფები შეიქმნა, რაც აღსაზრდელთან ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც-პედაგოგის ერთდროულ მუშაობას გულისხმობს და რომელიც ოფიციალური ვიზიტით მყოფი სკოლამდელი განათლების ესტონელი ექსპერტების მიერ წარმატებულად შეფასდა.
თამარ ტალიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში მისი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ და ისაუბრა საქართველოს მთავრობასთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ასევე ევროსაბჭოს კონგრესში ევროპის ქვეყნების დელეგაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსული აგრესიის საწინააღმდეგო რეზოლუციების მიღების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე.
შეხვედრას ესწრებოდა ასევე „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის“ ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთი ბარათელი, რომელთან თანამშრომლობითაც ზღვისუბნის ბევრ მოქალაქემ მიიღო უფასო სამედიცინო კვლევა და უფასოდ ჩაუტარდათ ოპერაციები. მოქალაქეებს დეპუტატისგან მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით პასუხის მოსმენისა და საკუთარი შეფასებების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ და სამომავლოდ ერთობლივი მუშაობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.