თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ძნელაძემ წარმომადგენლობის საქმიანობის, საკრებულოსა და კომისიების მუშაობის წლიური ანგარიში 31 ოქტომბერს წარადგინა.
ვლადიმერ ძნელაძემ მაჟორიტარის წარმომადგენლობის, საკრებულოს ფრაქციებისა და იმ კომისიების საქმიანობა შეაჯამა, რომლის მუშაობაშიც მთელი წლის განმავლობაში თავად იყო ჩართული. დეპუტატმა წარმოადგინა საკითხებიც, რომლებიც კომისიებისა და ფრაქციების სხვა წევრებთან ერთად მოამზადა და განიხილა.
მაჟორიტარმა საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და დადგენილებები დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, ასევე განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ, საანგარიშო პერიოდში განხილულ საკითხებსა და პროექტებზე ვრცლად ისაუბრა. ვლადიმერ ძნელაძემ ყურადღება ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზეც გაამახვილა.
ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარემ, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან, ლევან დარახველიძესთან და ფრაქციის წევრ, დავით რურუასთან ერთად, ფრაქციის სხდომებზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საანგარიშო პერიოდში, ვლადიმერ ძნელაძემ მონაწილეობა მიიღო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 17 სხდომის მომზადებაში, სადაც 22 საკითხი განიხილეს. ასევე, დაესწრო განათლებისა და კულტურის კომისიის 14 სხდომას და 18 საკითხის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა მიიღო. დეპუტატი ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ მიერ გამართულ 12 სხდომასა და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 18 სხდომასაც დაესწრო.
ანგარიშის წარდგენას დიდუბის რაიონის მოსახლეობა, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების წევრები ესწრებოდნენ.