თბილისის საკრებულოს წევრმა, გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას წლის ანგარიში 25 ოქტომბერს წარუდგინა.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიების წევრმა, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოსა და სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
გულია გოცირიძემ საკრებულოში მისი მონაწილეობით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კომისიებში მუშაობის შედეგებსა და და მერიასთან და გამგეობასთან ერთობლივად შემუშავებულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და პროექტებზე ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა, გლდანის რაიონში მიმდინარე და განხორციელებულ მსხვილ და საშუალო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ცენტრალური ქუჩების სრულ რეაბილიტაციაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული მოწყობა-აღდგენასა და მნიშვნელოვან საგზაო სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.
გულია გოცირიძემ, მოსახლეობას, მის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ორგანიზებული გასართობ-შემეცნებითი და სოციალურ-საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარუდგინა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კვლევების ჩატარებას სხვადასხვა წამყვან კლინიკებში.
„გულია გოცირიძის შუამდგომლობით, გლდანის ლუწ მიკრორაიონებში აშენდა ორი საბავშვო ბაგა-ბაღი. შედგა ერთის პროექტი, რომელიც მომავალ წელს აშენდება. მაჟორიტარის შუამდგომლობით მოწესრიგდება სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის გარე და შიდა ფასადები ასევე კეთილმოეწყობა თეატრის ეზო“,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის გაცნობის შემდეგ, გულია გოცირიძემ დამსწრე საზოგადოებას, მომავალში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მცხოვრებლებს სამოქალაქო აქტივობისთვის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.