თბილისის საკრებულოს წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
გიორგი ჩაკვეტაძემ, მისი ჩართულობით, საკრებულოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და დადგენილებებზე, ასევე დედაქალაქში სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. გარდა ამისა, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები წარადგინა. ისაუბრა სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზე, ეკოლოგიასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე.
დეპუტატმა შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ განხორციელებული ინიციატივები გააცნო, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი და ფორუმის ეგიდით განხორციელებული ღონისძიებები (კამპანია „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“, „წარმატებული სპორტსმენების ვიზიტი საკრებულოში“, „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ და სხვ.) წარადგინა. ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებთან, სპორტულ ფედერაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რაიონულ გამგეობებთან გამართულ პერმანენტულ შეხვედრებზე; ასევე აუდიტორიას მიმდინარე სპორტული ობიექტების მშენებლობისა და პროექტირების მონიტორინგი და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
,,საანგარიშო პერიოდში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიიის 16 სხდომა ჩატარდა, სადაც 27 საკითხი განიხილეს და 15 დასკვნა მოამზადეს.
კომისიის თავმჯდომარე ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს მოქალაქეთა მიღებას. საანგარიშო პერიოდში გიორგი ჩაკვეტაძე 160-მდე მოქალაქეს შეხვდა და მათ შესაბამისი დახმარება/კონსულტაცია გაუწია.“ - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის წარდგენას სხვადასხვა სფეროს, მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, რაიონული გამგეობების, ფედერაციების, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.