თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობას სამგორში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიში 24 ოქტომბერს წარუდგინა. მაჟორიტარმა დეპუტატმა ყურადღება მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ 2019 წელს, თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყო, რომლებიც თბილისელების ინტერესებზეა მორგებული. სამგორის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გიორგი ტყემალაძემ კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია, აეროპორტის დასახლებაში, ხვედელიანის ქუჩის კაპიტალური შეკეთება, სოფელ ნასაგურის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და სხვა მნიშვნელოვანი საგზაო სამუშაოები გამოყო. გარდა ამისა, გიორგი ტყემალაძის თქმით, გზის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ლილოს დასახლებასა და სოფელ ლილოში.
გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რაიონში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების დამატებაზეც ისაუბრა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ორხევის დასახლებაში, N 56 ავტობუსის ხაზზე “ISUZU”-ს მარკის ახალმა ავტობუსებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები ლილოს დასახლებასაც დაემატება.
„დედაქალაქში არსებული ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს და მიხარია, რომ მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები ჩემს სამაჟორიტარო ოლქსაც მოემსახურება. თბილისის მთავრობა მოსახლეობის გამართული მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად აქტიურად მუშაობს“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, სამგორის რაიონში კომპანია GWP-ის დახმარებით, წყალარინებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.
ასევე, დეპუტატის თქმით, სამგორის რაიონში, 2018-2019 წლებში, 8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. 5 საჯარო სკოლაში კი სარემონტო სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს. რაიონში მოეწყო სპორტული მოედნები, ფიტნეს ზონები, სკვერები და ფანჩატურები. ასევე დამონტაჟდა ტრენაჟორები.
გიორგი ტყემალაძემ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში, მის სამაჟორიტარო ოლქში 68 მისამართზე გარემონტდა სადარბაზოები, შეიცვალა სახურავები, გაკეთდა სენსორული განათებები, გამოიცვალა სადარბაზოს კარები და სხვა.
გიორგი ტყემალაძის თქმით, მოსახლეობისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მომავალ წელსაც იგეგმება.
სამგორის რაიონში მცხოვრებთათვის ანგარიშის წარდგენას პარლამენტიდან სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები შოთა ხაბარელი და გიორგი მოსიძე, ასევე საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.