თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი მუსხელიშვილიშვილმა მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში 30 ოქტომბერს წარუდგინა.
გიორგი მუსხელიშვილმა წლის განმავლობაში სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 47 ლოკაციაზე ჩატარდა, გამოიცვალა საკანალიზაციო სისტემა, სხვადასხვა მისამართზე კეთილმოეწყო 9 სკვერი და ასევე, 2 სპორტული მოედანი.
2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გიორგი მუსხელიშვილის წარმომადგენლობას 410-მა მოქალაქემ მიმართა, შუამდგომლობა გაეწია 270 მოქალაქეს. მაჟორიტარი დეპუტატი უშუალოდ შეხვდა და კონსულტაცია გაუწია 1000-მდე მოქალაქეს.
გარდა ამისა, გიორგი მუსხელიშვილი არის ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი. შესაბამისად, ანგარიშში საკრებულოს წევრის კომისიურსა და ფრაქციულ საქმიანობაზე საუბარს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოქალაქეებმა მაჟორიტართან ერთად პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.