თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი დოხტურიშვილი საკუთარ ამომრჩეველს შეხვდა და ერთი წლის ანგარიში 31 ოქტომბერს წარუდგინა.
შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო.
,,2 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მოსახლეობამ ნდობა გამომიცხადა და მესამე მასივის მაჟორიტარად ამირჩია. ჩვენ, დედაქალაქის საკრებულო, თბილისის მერთან და სამგორის რაიონის გამგებელთან ერთად, წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად ვმოქმედებთ და არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, სპეციალური გეგმის მიხედვით, მნიშვნელოვან და საჭირო ნაბიჯებს ვდგამთ.“ - ნათქვამია ანგარიშში.
მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ის რაიონის მოსახლეობას სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტისა და პროგრამის, ასევე მესამე მასივში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის არსებული ხედვების შესახებ ესაუბრა.
გიორგი დოხტურიშვილმა სამაჟორიტარო ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში რეაბილიტაცია ჩაუტარდა: ასფალტის საფარს (26 ლოკაციაზე), წყალარინების ქსელებს(7 მისამართზე), საერთო სარგებლობის კიბეს ( 1 მისამართზე), სპორტულ მოედნებს (3 მისამართზე). მოეწყო ახალი სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნები, ფიტნეს ზონები, მოსასვენებელი პავილიონები და სკამები, ასევე 50 მისამართზე აღმოიფხვრა გარე განათების პრობლემაც. სიჩქარის შემაფერხებელი ბორცვების, საერთო სარგებლობის კიბის, სანიაღვრე ქსელის არაერთ მისამართზე მოწყობა დასრულებულია.
ანგარიშში საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ავარიული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამაგრება და კახეთის გზატკეცილის
სათადარიგო ზოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა. კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები 3 მისამართზე შესრულდა, ერთ მისამართზე კი გამაგრებითი სამუშაოები კვლავ გრძელდება.
გიორგი დოხტურიშვილმა ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.
,,მაჟორიტარის შუამდგომლობით 400 მოქალაქის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მედიკამენტების მიწოდება 265 მოქალაქეს დაუფინანსდა. ერთჯერადი მიზნობრივი დახმარება - 213 მოქალაქეს გაეწია, სამედიცინო გამოკვლევები და ოპერაციული მკურნალობა კი 120 მოქალაქეს ჩაუტარდა“ -აღნიშნულია წლიურ ანგარიშში.
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საუბრისას სამომავლოდ დაგეგმილ არაერთ მნიშვნელოვან პროექტსაც შეეხო.