თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის (ნუცუბიძის ფერდობი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები) მაჟორიტარმა დეპუტატმა, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ მოსახლეობას შესრულებული სამუშაოების შესახებ წლიური ანგარიში 24 ოქტომბერს წარუდგინა.
გიორგი ბირბიჩაძე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის და საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წევრია. ამიტომ ანგარიშში დეპუტატის კომისიურ და ფრაქციულ საქმიანობას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო.
წარდგენისას, გიორგი ბირბიჩაძემ სამაჟორიტარო რაიონში გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას უშუალოდ მისი მონაწილეობით და შუამდგომლობით განხორციელებული სამუშაოების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
საკრებულოს წევრმა, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში განხორციელებულ საქმიანობაზეც ისაუბრა და ყურადღება საკრებულოსა და ბიუროს იმ სხდომებში მონაწილეობაზე გაამახვილა რომლებზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.
მაჟორიტარმა დეპუტატმა ასევე ისაუბრა რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მოქალაქეებს სამომავლო გეგმები დეტალურად გააცნო.
წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ბოლოს, გიორგი ბირბიჩაძემ საბურთალოს მცხოვრებლებს სამოქალაქო აქტივობისთვის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ანგარიშის წარდგენას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე ესწრებოდნენ.