თბილისის საკრებულოს წევრმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში 24 ოქტომბერს წარუდგინა.
გიორგი ახვლედიანი საკრებულოს სარევიზიო და სატრანსპორტო საკითხთა კომისიებისა და ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წევრია. შესაბამისად ანგარიშში დეპუტატის კომისიურ და ფრაქციულ საქმიანობას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი.
გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის“ წევრი და აქტიურად არის ჩართული აღნიშნული კომისიის მუშაობაში, რომლის მიზანიც არის ერთის მხრივ დაუსრულებელი მშენებლობებით გამოწვეული დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესება, ხოლო მეორე მხრივ იმ ასობით დაზარალებული მოსახლეობის დაკმაყოფილება, რომლებიც დღემდე ელოდებიან მშენებლობების დასრულებას და ბინების მიღებას.
ანგარიშის წარდგენისას, გიორგი ახვლედიანმა ხაზი გაუსვა იმ უპრეცედენო გადაწყვეტილებას, რაც სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულებთან დაკავშირებით განხორციელდა (დაახლოებით 1378 პირი), მანვე მოსახლეობას განუცხადა, რომ აღნიშნულ ობიექტებს მიენიჭათ უკვე დაუმთავრებელი ობიქტების სტატუსი და მიმდინარეობს მეორე ეტაპი რაც ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრას გულისხმობს. ამ კონტექტსტში საკრებულოს წევრმა კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში აღნიშნული პრობლემის მოგვარების გეგმა უკვე მზად იქნება.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მოსახლეობას, საანგარიშო პერიოდში, მის მიერ თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.
ისაუბრა საკრებულოსა და ბიუროს სხდომებში მონაწილეობის შესახებ, რომლებზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. საკრებულოს დეპუტატმა მოსახლეობას ასევე ის დადგენილებები და განკარგულებები გააცნო, რომელთა მომზადებასა და მიღებაში მას უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო გიორგი ახვლედიანის მიერ გაწეულ საქმიანობას საკრებულოს სარევიზიო და სატრანსპორტო საკითხთა კომისიებში.
გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს წევრი, მონაწილეობდა ფრაქციის მუშაობაში და აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ ღონისძიებაში, რომლებიც საკრებულოსა და მერიის ინიციატივით გაიმართა.
გიორგი ახვლედიანმა მოსახლეობას ანგარიში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარესთან ბექა დავითულიანთან ერთად ჩააბარა. ანგარიშის წარდგენას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გიორგი მოსიძე და შოთა ხაბარელი ესწრებოდნენ.