თბილისის საკრებულოს წევრმა, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა, მოსახლეობას წლიური ანგარიში 24 ოქტომბერს წარუდგინა.
უმრავლესობის ლიდერი, მოქალაქეებს, 2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე გაწეული სამუშაოების შესახებ ესაუბრა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის ერთობლივი ჩართულობით ხორციელდება.
ანგარიშის წარდგენისას, ბექა დავითულიანმა იმ სამ ძირითად კომპონენტზე ისაუბრა რომელიც წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა. კერძოდ, ფრაქციის თავმჯდომარემ ყურადღება, ქაოტური განაშენიანების რეგულირების, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე გაამახვილა.
ანგარიშში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო დეპუტატის გაწეულ საქმიანობას საკრებულოს განათლებისა და კულტურის და ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიებში.
ბექა დავითულიანმა მოსახლეობას ანგარიში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ახვლედიანთან ერთად ჩააბარა. ანგარიშის წარდგენას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გიორგი მოსიძე და შოთა ხაბარელი ესწრებოდნენ.