თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მე 4 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიში 27 ოქტომბერს წარუდგინა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას სრული ინფორმაცია მიაწოდა იმ სამუშაოების შესახებ, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, თბილისის მერიამ და სხვა მუნიციპალურმა სამსახურებმა უშუალოდ მისი მონაწილეობითა და შუამდგომლობით განახორციელეს.
ავთანდილ ცინცაძემ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ სამუშაოებთან ერთად, მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, კერძოდ, მოსახლეობას მომავალ წელს ქალაქში დაგეგმილი და საბურთალოს მე-4 ოლქში განსახორციელებელი პროექტები დეტალურად გააცნო.
აგრეთვე, მოისმინა მოსახლეობის აზრი შესრულებულ თუ განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცა.
ავთანდილ ცინცაძემ თბილისის საკრებულოში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის, აგრეთვე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომებისა და პროექტებში მონაწილეობისა და წარმოდგენილი საკითხების განხილვის შესახებ.
ანგარიშის ჩაბარების შემდეგ, ავთანდილ ცინცაძემ საბურთალოს რაიონის მე 4 ოლქის მცხოვრებლებს სამოქალაქო აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას ანგარიში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარესთან ლევან ჟორჟოლიანთან ერთად წარუდგინა. ანგარიშის ჩაბარებას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მდინარაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ესწრებოდნენ.