საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წევრებსა და „სოლიდარობის ცენტრი საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის პროექტის „ქალთა ღირსეული დასაქმება და შრომითი უფლებები საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
პროექტი საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, „სოლიდარობის ცენტრის საქართველოს“ მხარდაჭერითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით ეთნიკური უმცირესობის თემის წარმომადგენლებისთვის განხორციელდა .
პროექტის ფარგლებში მონაწილეები შრომის კანონმდებლობით გარანტირებული შრომითი უფლებებისა და მათი რეალიზაციის მექანიზმებს გაეცნენ, ასევე მათ მიეწოდათ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების სტრატეგიებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის „ქალთა ღირსეული დასაქმება და შრომითი უფლებები საქართველოში“ შედეგებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
აღნიშნულ პროექტში 14 ეთნიკური თემის წარმომადგენელი იყო ჩართული. მათ ტრენინგები ჩაუტარდათ თემაზე „ქალთა ღირსეული დასაქმება და შრომითი უფლებები საქართველოში“. პროექტის მეორე ნაწილის ფარგლებში ლიდერებმა ტრენინგებზე მიღებული ცოდნა ერთი თვის განმავლობაში თავიანთი თემის წარმომადგენლებს გაუზიარეს.
შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი, „სოლიდარობის ცენტრის საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორი სალომე ქაჯაია და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.