თბილისი საკრებულოში გრძელდება სამუშაო შეხვედრები თემაზე: ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ძალადობა გენდერული ნიშნით (თFGBV). შეხვედრა თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მიერ პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში მოეწყო. შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრა თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ონლაინ სივრცეში ქალები ხშირად ხდებიან ძალადობის და თავდასხმის ობიექტები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ორგანიზაცია „მერსი ქორფსთან“, რომელიც ქმნის შესაძლებლობას, რაც შეიძლება მეტ ქალს ჰქონდეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ინფორმაცია და მისგან თავდაცვის უნარები“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მოწვეულ სტუმრებს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხში ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია „უსაფრთხო ონლაინის“ პროგრამის მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ მიაწოდა. ამის შემდეგ უსაფრთხოების/ტექნოლოგიების სპეციალისტი ლელა მირცხულავა თბილისის გამგეობების თანამშრომლების წინაშე პრეზენტაციით წარდგა.
შეხვედრაზე ძალადობის ფორმებისა და მათი პრევენციისათვის საკანონმდებლო სისტემისა და რეგულაციების ცვლილებებზეც ისაუბრეს და ონლაინ ძალადობის ფსიქოლოგიურ და ემოციურ გავლენაზე, რისკების შეფასებასა და უსაფრთხოების გეგმების შემუშავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა კითხვარი შეავსეს და პროექტის კვლევაში მიიღეს მონაწილეობა.